ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა კომპანია “გილიადისგან” კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი სხვა ქვეყნებზე ადრე მივიღოთ. ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძემ “ქრონიკასთან” საუბარში აღნიშნა, პირდაპირი ანტივირუსული ეფექტის მქონე მედიკამენტი, რომელიც სარწმუნოდ განკურნავს კორონავირუსს, ჯერ არ არსებობს.
„მედიკამენტები არის დაახლოებით 6-7. ერთის გარდა ჩვენ ყველა გვაქვს და ვიყენებთ. ის ერთი ჯერ მსოფლიოში არავის აქვს, ვინაიდან ის კომპანია „გილიადის“ მიერ არის მხოლოდ ებოლას სამკურნალოდ შექმნილი და ვერ იმუშავა.
ახლა ამერიკის წამყვანი ინსტიტუტები სწავლობენ მის ეფექტურობას და ამბობენ, რომ ისიც არ არის 100-%-იანი განკურნების გარანტი, თუმცა ყველა სხვა მედიკამენტზე უკეთესი შედეგები აქვს. საქართველოს ხელმძღვანელობამ გადადგა უკვე ნაბიჯები, რომ გამოიყენოს ჩვენი მეგობრული კონტაქტები „გილიადთან“ და ეს მედიკამენტი სხვა ქვეყნებზე ადრე მივიღოთ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.