კორონავირუსით ინფიცირებული ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ქლოროქინს იყენებს, რომელიც ერთ-ერთ საიმედო პრეპარატად ითვლება როგორც მსუბუქი, ისე საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ექსპერიმენტული პრეპარატი არაა და ის მალარიის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
„როდესაც ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, ამ პრეპარატს სხვადასხვა ავტოიმუნური დაავადების დროსაც ვიყენებდით. პრეპარატი ახალი არ არის, ძალიან დიდი ხნის გამოცდილი პრეპარატია. როდესაც პირველი კონსულტაციები გვქონდა ჩვენს ჩინელ კოლეგებთან, პირველი ტელეხიდი ამ რამდენიმე კვირის წინ მოეწყო საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სამინისტროს მედიაციით, მაშინაც ითქვა ამ წამლის გამოყენების შესახებ, რომელსაც საქართველოში წარმატებით იყენებს უკვე რამდენიმე კვირაა ბატონი თენგიზის კლინიკა და სხვა კლინიკები. ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, პატარა განსხვავება არის, ამ დეტალებში მე ახლა ღია ეთერში არ შევალ. ამ ქლოროქინის სხვადასხვა მოდიფიცირება გამოიყენება როგორც მსუბუქი, ისე საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ. როგორც ვიცი, ჩვენი პაციენტების უმრავლესობა დღეს ამ პრეპარატს იყენებს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ პრეპარატის გარკვეული რაოდენობა შესაბამისმა დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდს უკვე შეუკვეთა.
„დღეს მე უკვე მქონდა საუბარი გაეროს ბავშთა ფონდთან, რომლის მეშვეობითაც ბევრ რამეს ვიღებთ ხოლმე, ვყიდულობთ და უკვე ჩვენმა შესაბამისმა დეპარტამენტმა მათ ამ პრეპარატის გარკვეული რაოდენობა შეუკვეთა, რადგან მათ სპეციალური არხები აქვთ მოწოდების. ასევე, დღეს მივმართეთ გლობალურ ფონდს, რომელიც აკოორდინირებს მსოფლიოში მალარიის, ტუბერკულოზის და შიდსის საკითხებს, რომ ასევე ეს პრეპარატი უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში“,- განაცხადა გამყრელიძემ.
