ჩვენთვის ცნობილია ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი პაციენტის კონტაქტები, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„ეს ქალბატონი მოსკოვიდან გადმოფრინდა ადლერში, ადლერიდან კი საავტომობილო გზით შეძლო, სოხუმში ჩასულიყო, სადაც ჩვენი მონაცემებით, თავისი ძმისშვილი დახვდა, რომელმაც სოფელ საბერიოში ჩაიყვანა. საბერიოდან ის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფახულანში გადმობრძანდა, საიდანაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩვენმა მედიკოსებმა გადმოიყვანეს. ამდენად, ჩვენთვის ცნობილია მისი კონტაქტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არიან ჩვენი მედიკოსები, რომლებიც შესაბამისად იყვნენ აღჭურვილნი. თუმცა, რისკის ქვეშ რჩება მისი ძმისშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მოწერელიამ.
„გუშინ შემოწმებული იქნა დაახლოებით 220 მაცხოვრებელი, დღეს კი დაახლოებით 250. ჯერჯერობით არანაირი რისკი არ არის გამოვლენილი. თუმცა, ეს თერმოსკრინინგი გაგრძელდება. რაც შეეხება ამ მოქალაქეს, მან საზღვარი გადმოლახა სარფში. ის თურქეთში იმყოფებოდა სამუშაოდ. შემდგომ მან სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა, საიდანაც რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემი, ჰქონდა თუ არა ამ ადამიანს იმ პერიოდში სიცხე და შეეძლო თუ არა, დაავადება გაევრცელებინა. თუმცა, გარკვეული ინფორმაცია არის იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდნენ. პოლიცია ამ ინფორმაციას ფლობს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
