საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
ნათია თურნავას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდი კომპანიების გადმოწმებას დაეთმობა.
„სამაგიეროდ ამ პერიოდს ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, ბიზნესების გადამოწმება. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევარბილოთ შემაკავებელი ზომები და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა იყოს ამისთვის მზად და დამატებითი დრო შემოწმებაზე აღარ დავკარგოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრიორიტეტულ სფეროებზეც ისაუბრა.
„პრიორიტეტი, იმ მომენტისთვის, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა. ის კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან ონლაინ ვაჭრობით ან ისინი, ვინც გადაეწყობიან ონლაინ ვაჭრობაზე. შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ, სწორედ ონლაინ კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას. ეს მოგცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად, ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას“.