“ქალბატონს, რომელიც აპარატზე გვყავს მიჯაჭვული, ინფექცია თავისი ოჯახის ერთმა წევრმა შემოუტანა იმიტომ, რომ მას დრო გაეტარებინა, ამ ქალბატონს შეიძლება, ნებისმიერ დროს გული გაუჩერდეს და დაიღუპოს”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი სახლში დარჩენა და ოჯახის წევრებთან ფიზიკური დისტანცირებაა.
„ჩემი აღშფოთება და ცოტა გაბრაზება იცით, რამ გამოიწვია?! იმან, რომ ადამიანები უპასუხისმგებლოები ვართ. რეანიმაციაში დღეში რამდენჯერმე შევდივარ იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილია და უამისოდ ცხოვრება არ შემიძლია. მე ერთმა რაღაცამ აღმაშფოთა. ქალბატონს, რომელიც აპარატზე გვყავს მიჯაჭვული, ინფექცია თავისი ოჯახის ერთმა წევრმა შემოუტანა. ახალგაზრდა ადამიანმა, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა და სახლში მიიტანა ინფექცია იმიტომ, რომ მას დრო გაეტარებინა. ამ ქალბატონს შეიძლება, ნებისმიერ დროს გული გაუჩერდეს და დაიღუპოს.
ჩვენც გვიყვარს ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ დადგა მომენტი, როცა ოჯახის წევრებთან არ ვკონტაქტობთ ჩვენი კლინიკის არცერთი ექიმი, არცერთი მედიკოსი. იმიტომ კი არა, რომ ისინი არ გვიყვარს?! იმიტომ, რომ გვინდა, ისინი გადარჩნენ. ჩვენ ვართ მზად, რომ თქვენ მოგემსახუროთ, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ შევძლებთ ერთი მიზეზის გამო – ჩვენც ადამიანები ვართ“, – განაცხადა ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში.