ეს არის არამეგობრული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიმართ, განსაკუთრებით ახლა,- ასე აფასებს მამუკა არეშიძე ზელენსკის გადაწყვეტილებას სააკაშვილი მისი გუნდის წევრი გახდეს.
რატომ მიიღო ზელენსკიმ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება, იყო ეს ქართულ მხარესთან შეთანხმებული თუ არა და რას უნდა ველოდეთ – ამაზე ექსპერტი „პრაიმტაიმთან“ დეტალურად საუბრობს.
თანამდებობა – ვიცეპრემიერი რეფორმების დარგში, ირონიულად ჟღერს
ის, რომ რეფორმატორული უნარი სააკაშვილს აქვს, ამაზე არავინ დავობს. ნამდვილად ჰქონდა და საქართველოშიც გადადგა ამ მიმართულებით რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.
სააკაშვილი, რომელიც უაღრესად არაპროგნოზირებადია, რეფორმატორი ვიცე-პრემიერის რანგში ნამდვილად ვერ გაძლებს. ის მოინდომებს რაც შეიძლება მეტ ძალაუფლებას, ეს ზელენსკიმ ძალიან კარგად უნდა იცოდეს.
დაპირისპირება უკრაინის შს მინისტრსა და სააკაშვილს შორის
ვიდრე უკრაინის ხელისუფლებაში არსებობს ისეთი პიროვნება, როგორიც არის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი.სააკაშვილს მასთან ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება.
როგორ უნდა იმუშაონ ამ ადამიანებმა ერთად, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. თუ ავაკოვის შეცვლას აპირებს უკრაინის პრეზიდენტი, ეს სხვა საქმეა.
გარდა ამისა, სააკაშვილის ამბიციები ვიცით, ყველაფერს აკეთებდა თავისი ლობისტების მეშვეობით, რომ დაესაკუთრებინა პრემიერის პოსტი. ეს ზელენსკის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
როდესაც ზელენსკი ჩვეულებრივი მსახიობი იყო, იქიდან ვიცნობ და ვიცი, რომ განსაკუთრებული პოლიტიკური სიბრძნე და გამოცდილება არ აქვს.
უკვე წარმომიდგენია, როგორი პრობლემური იქნება მისი და სააკაშვილის ერთობლივი მუშაობა.
საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობა
ჯერ უცნობია, საქართველოს ხელისუფლება რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს. ის, რომ პრობლემატური იქნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობა უკვე ნათელია.
არ არის გამორიცხული, ტრანსკონტინენტალურიპოლიტიკური გავლენების ჯგუფებმა, რომლებიც სააკაშვილს ლობირებენ (ისე ვერ მოხვდებოდა ამ თანამდებობაზე) სიტუაციის დალაგება მოინდომონ საქართველოსა და უკრაინას შორის, რომ მდგომარეობა არ შეიცვალოს. რამდენად გამოუვათ, რთული სათქმელია.
თუ ქართულ მხარეს უთხრეს, რომ თქვენ არ შეიმჩნიოთ, არ არის გამორიცხული რომ ქართული მხარე ამ სიტუაციაში დელიკატური იყოს, ოღონდ ერთი პირობით – სააკაშვილმა აქ ჩამოსვლა არ უნდა მოინდომოს.
– სააკაშვილი აუცილებლად მოინდომებს თავისი პოლიტიკური სტატუსის გამოყენებას და საქართველოში დაბრუნებას. მაგრამ ის მარტო არ არის, მის უკან სერიოზული პოლიტიკური ძალები დგანან.
ამ ძალებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის როგორი კულუარული საუბარი შედგა, არ ვიცით. არ არის გამორიცხული ყოფილიყო – „კარგი იყოს, ოღონდ შემოსული არ დავინახოთ“.
სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი საქმე
შეიცვლება სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი საქმე. რაციონალურად უნდა შევხედოთ დღევანდელ პოლიტიკას.
ბევრ ქვეყანაში, უამრავი სისხლის სამართლებრივი საქმეა თაროზე შემოდებული კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ზუსტად იმიტომ, რომ ეს საქმეები მათ თავზე დამოკლეს მახვილივითაა.
მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი არის პოლიტიკური შანტაჟი.
არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს ქართულ მხარესაც. ამაში სამწუხაროდ, განსაკუთრებულ კატასტროფას ვერ ვხედავ. დღევანდელი პოლიტიკა თვისი შინაარსით ცინიკურია.
ასეთი პოლიტიკოსები უკრაინასაც ჰყავს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტულები.
უკრაინის მთავრობასთან გარკვეული თანამშრომლობა აქვს, მაგრამ ზოგ მათგანს აკრძალული აქვს უკრაინაში ჩასვლა, ზოგი საერთაშორისო ძებნაშია.
სტატუს-კვო გარკვეული პოლიტიკური მოლაპარაკებებით ნარჩუნდება. ასეთი ვითარება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოშია.
მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთან
ვფიქრობ, გარკვეული კულუარული მოლაპარაკება შედგა საქართველოს მთავრობასთან. ამას ვერ დავამტკიცებთ, თუმცა კარგი იქნება ასე მომხდარიყო.
თუ არ შედგა ასეთი მოლაპარაკება და საქართველოს მთავრობის უგულებელყოფით გადაიდგა ასეთი ნაბიჯი, გამოდის, რომ უკრაინა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან კონფრონტაციის გზას დაადგა.
დასავლურ-რუსული გარიგება ?! რატომ მიხეილ სააკაშვილი და რას უნდა ველოდეთ მისგან
ის აუცილებლად მოინდომებს საკუთარი თანამდებობის გაფართოებას. სააკაშვილის იქ დანიშვნა რამ განაპირობა, ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ის რომ, უკრაინაში რეფორმატორი ვერ იპოვეს ისეთი, რომელიც სისტემურ რეფორმას ვერ წამოიწყებდა, ეს სისულელეა.
სააკაშვილს დასავლეთში აქვს იმიჯი, რომ ის არის კორუფციასთან ბრძოლაში გამოცდილი.
დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში სააკაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დონეზე კორუფციას ბოლო მოუღო, შექმნა ძლიერი ელიტარული კორუფცია.
საქმე ისაა, რომ უკრაინაში ბევრად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე აქ იყო.
უკრაინა კლასიკური პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, კლასიკური კორუფციით, ისეთი როგორიცაა რუსეთი.
დასავლეთში ეს არ აწუხებთ – უამრავი ფული ეძლევა უკრაინას და ამ ფულის დიდი, გადამწყვეტი ნაწილი არ გამოიყენება დანიშნულებისამებრ. უკრაინის აღორძინებას, სოციალური ვითარების გამოყენებას არ ხმარდება, იკარგება.
ამიტომ, ამ ფულს სჭირდება „პატრონი“. სააკაშვილი ღიად, ნახევრად ოფიციალურად მოიაზრება ამ თანხის ნაკადების კურატორად. ეს არის ნახევრად ოფიციალური მიდგომა.
არაოფიციალურად, კულუარულად, რა ტიპის გარიგება შედგა მსხვილ, დიდ ქვეყნებს შორის, არ გამოვრიცხავ, თუნდაც დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელებიც არ ჩანან, მაგრამ ევროპულ პოლიტიკას ქმნიან, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს დასავლურ-რუსული გარიგება, რატომ მოხდა ეს, ამაზე საუბარი ჯერ რთული სათქმელია. ინფორმაციის სიმწირეა, ადრე თუ გვიან გამოჩნდება.
როგორც ჩანს, ზელენსკიგამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა და ეს პრობლემატური გადაწყვეტილება მომავალში ძალიან ცუდად დახვდება წინ.