რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღის ბოლომდე შესაძლოა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევა დაფიქსირდეს. ამის შესახებ “იმედის” გადაცემის „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 63 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. აქედან 39-ს დადასტურებული აქვს კოვიდ-ინფექცია. გუშინდლამდე 40 პაციენტი გვყავდა, გუშინ 1 პაცინეტი გავუშვით სახლში გაჯანმრთელებული. ძალიან გაგვიხარდა ყველას ეს ამბავი. დღეს რეტესტირებას ჩავუტარებთ კიდევ ერთ პაციენტებს და თუ ისევ ნეგატიურ პასუხს მივიღებთ, მასაც გავუშვებთ სახლში. ასე რომ, ნელ-ნელა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები დაადგნენ გამოჯანმრთელების გზას, რაც ყველა ჩვენგანს ძალიან ახარებს“, – განაცხადა გოფოძემ.
მისივე თქმით, საყურადღებოა 2 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა არც ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. გოფოძემ ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი პიკისთვის სრულად მზად არის.
„რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც არ უნდა დიდ სირთულესთან იყოს ეს დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია 50 პაციენტი ერთდროულად უზრუნველყოთ სასუნთქი აპარატით. გარდა ამისა, გვაქვს საშუალება ვუმკურნალოთ ასევე საშუალო სიმძიმის ფორმებს. ამისთვის სრული აქტიურობა გვაქვს და, რაც მთავარია, სრულად აღჭურვილი გყვავს სამედიცინო პერსონალი. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ისინი, პერიოდულად მათ ტესტირებაც უტარდება. გუშინაც ჩატარდა ტესტირება რეანიმაციული განყოფილების და ყველგან ნეგატიური პასუხი მივიღეთ“, – განაცხადა გოფოძემ.
