ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ვიცოდით. ცუდი ის არის, რომ მასში არ ჩანდა რაიმე სინანული. სინანული ჩანდა მარტო იმაში, რომ თავი ვერ გადაირჩინა – ეს განცხადება სოზარ სუბარმა, ვანო მერაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე კომენტირებისას გააკეთა.
„7 ნოემბერი, პირველი წამიდანვე, იყო ჩვეულებრივი დანაშაული. მაშინ, როდესაც მიტინგი იყო პრაქტიკულად დამთავრებული, გასული იყო რამდენიმე დღე და მშვიდობიან მოშიმშილეებს, ოცამდე ადამიანს, მათ შორის პარლამენტის წევრებს, სცემეს სასტიკად. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, მე მთელი დღე იქ ვიყავი. შემდეგ შეიჭრნენ „იმედში“, დაარბიეს, სცემეს ჟურნალისტებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაახლოებით 2 მილიონის ზარალი მიაყენეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც „იმედის“ შენობაში იყვნენ, საუბარია 6 ადამიანზე. ბოლოს ამით არ დაამთავრეს და წაართვეს მის კანონიერ მფლობელს. აბსოლუტურად გაყალბებული ფურცლებით და გაყალბებული საქმეებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
სოზარ სუბარი 2007 წლის მოვლენების დროს სახალხო დამცველი იყო და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იმ საქმეების გამოძიების პროცესშიც იყო ჩართული, რომლებზეც ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიასთან ისაუბრა.