პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, მარიამ გრიგორაშვილმა სოციალურ ქსელში ხუთი კვირის უნახავი შვილის ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ემოციური წერილით სახლში დარჩენისკენ მოუწოდა: „19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი. უფრო სწორად, დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ… 3 კვირა ვიმუშავე: 2 კვირა – ბოქსირებულ პალატებში, 1 კვირა – რეანიმაციაში. ახლა თვითიზოლაციის ორკვირიან პერიოდს გავდივარ, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ მაისს, ჩემი შვილის დაბადების დღეს, მის გვერდით ყოფნა შევძლო. შემდეგ, დიდი ალბათობით, ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება. ამ 5 კვირის განმავლობაში პირველად გამოვაკლდი დედაჩემის დაბადების დღეს. ასევე, პირველად არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად. გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი – მან წინა ორი სარძევე კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ეხლა საყვარლად თლიფინებს შიგადაშიგ. ვუყურე ჩემს შვილს, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი დანახვისას. მოვუსმინე, 5 წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს… – ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედიკოსს, რომელიც დღეს კლინიკაში COVID-19-დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს…“
მარიამ გრიგორაშვილი: წარმატებით დავასრულე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. საავადმყოფოებში მორიგეობები სტუდენტობისას დავიწყე. სრულიად შემთხვევით, მიმღები განყოფილებიდან რეანიმაციულ დეპარტამენტში აღმოვჩნდი და იქ საკუთარი თავი ვიპოვე. იმდენად მძაფრად შევიგრძენი ის, რის გამოც მედიცინა ავირჩიე, რომ ეს განყოფილება მას შემდეგ აღარ დამიტოვებია. დავიწყე ექთნობით და მას შემდეგ საუკეთესო ექიმებთან მუშაობის წყალობით, ნელ-ნელა განვვითარდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განვაგრძე „ჯიპაში“ – საჯარო მმართველობის მაგისტრი ვარ. პარალელურად, ჩავაბარე ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის რეზიდენტურის სასწავლო პროგრამაში. ამჟამად ვმუშაობ და ვსწავლობ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში და ამასთანავე ვმუშაობ კარდიოქირურგიულ გუნდთან ერთად ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში.
– როგორ შეიცვალა ექიმების ცხოვრება ამ ორი თვის განმავლობაში?
– ახალმა ვირუსმა სამყარო სრულიად სხვა რელსებზე გადაიყვანა. შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით კი სამედიცინო საზოგადოებას შეეხო. პირველ რიგში, მოგვიწია ოჯახებისგან იზოლირებულად, სამსახურზე ორიენტირება, რაც, თავისთავად, დამთრგუნველი იყო ფსიქოლოგიური კუთხით, თუმცა ადმინისტრაციისგან დასაწყისშივე ვიყავით ინფორმირებული მოსალოდნელი საფრთხისა და იმ პასუხისგებლობების შესახებ, რაც კლინიკაში მუშაობისას დაგვეკისრებოდა. სრულად შეიცვალა მუშაობის რეჟიმი, გარდა იმისა, რომ პაციენტიებს ვმკურნალობთ, ამავდროულად, მუდივ რეჟიმში ხდება სიახლეების გაცნობა, რაც მთელ ამ პროცესს ძალიან საინტერესოს ხდის. ასევე, მნიშვნელოვანი დეტალია სპეციფიკური აღჭურვილობაც.
– დაახლოებით თვე–ნახევარი შვილი არ გყავდათ ნანახი, როგორ ჩაიარა თქვენმა პირველმა შეხვედრამ?
– ნატალი ძალიან ჭკვიანი და თბილი ბავშვია, ზრდასრული ადამიანივით ესმის ყველაფერი. შესაბამისად, თავიდანვე ავუხსენი, სად და რატომ უნდა წავსულიყავი და ამ საკითხს გაგებით მოეკიდა. მორიგეობის პერიოდში ძალიან მამხნევებდა. ჩვენი შეხვედრა დაშორებიდან 5 კვირის შემდეგ შედგა. სახლში შესვლისას ნიღაბი მეკეთა სახეზე. სახლიდან ნატალის ბედნიერი ყვირილი და ჩქარი ნაბიჯების ხმა მესმოდა. სახლში ხელებგაშლილი შევედი, ამ ჩახუტებას დიდხანს ველოდი. მაგრამ ჩემსკენ მორბენალი ნატალი უცებ შეჩერდა და დაბნეული თვალებით დაიწყო ყურება. გვიან მივხვდი – ნიღაბმა დააბნია. ჭკვიანი გოგოა. ამის შემდეგ ძალიან დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები. გვერდიდან არ მშორდება. წამით არ მტოვებს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან უარყოფით კვალს არ დატოვებს მის ფსიქიკაზე.
– რთულ, დამღლელ სამუშაოს ემატება ფსიქოლოგიური ფონი. რა ხდება რეალურად თქვენს „საბრძოლო ველზე“?
– ფსიქოლოგიური მდგრადობა მსგავს სიტუაციებში უმნიშვნელოვანესი და წარმატებული დასასრულის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მუშაობის არასტანდარტული პროცესი და აღჭურვილობა ავადმყოფთან ურთიერთობას მნიშვნელოვანწილად ართულებს.
– რას განიცდიან პაციენტები, როდესაც იგებენ, რომ „მკვლელი ვირუსი“ შეეყარათ და როგორია მათი გზა გამოჯანმრთელებამდე?
– დადებითი პასუხი და დადასტურებული დიაგნოზი შენც ისევე გაშინებს, როგორც პაციენტს. როგორ მიაწვდი ავადმყოფს ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მკურნალობის პროცესში. გარდა სწორი და ადეკვატური მკურნალობისა, ექიმს ევალება, პაციენტი ფსიქოლოგიურად შეამზადოს საბრძოლველად, აგრძნობინოს, რომ ამ ომში ის მარტო არ არის. როდესაც ურთიერთობის ამ ეტაპებს სწორად განახორციელებ და პაციენტს აგრძნობინებ, შენთვისაც რამდენად მნიშვნელოვანია მისი კარგად ყოფნა, შესაბამისი შედეგიც იდება.
– ექიმები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ხართ. თავად არ გაქვთ შიშის განცდა?
– შიში ნორმალური რეაქციაა ამ დროს. ჩემი განყოფილების მაგალითზე გეტყვით, რომ არცერთ ჩვენგანს, ვგულისხმობ ექიმებს, რეზიდენტებს, ექთნებს და დამხმარეებს, უკან არ დაუხევია და ამ ბრძოლაში თავიდანვე ერთ გუნდად ჩავერთეთ, ასე გრძელდება დღემდე. როდესაც უყურებ, თავად განყოფილების უფროსი როგორ შედის პაციენტებთან და არცერთ მომენტში არ გტოვებს მარტო, შენც უფრო იმედიანად ხარ, რადგან მყარ ზურგს გრძნობ.
– ლევან რატიანის გუნდში ხართ, როგორია მასთან მუშაობის პროცესი?
– მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. მისი დახასიათების დროს, ყველაზე მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ მაქსიმალისტია და აქედან გამომდინარე, მომთხოვნი, შესაბამისად – მკაცრიც. ჩვენს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს მეგობრობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მოვდუნდეთ. გუნდი რომ შეკრულია და ასე კარგად მუშაობს, ეს მისი დამსახურებაა. ყოველ დილით თავად შედის რისკის ზონაში, COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან, რაც მაგალითი და სტიმულია თანამშრომლებისთვის.
/tbiliselebi.ge