ხდება ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სტანდარტული ცვლილებები, რომლებიც წლიდან წლამდე ხორციელდება ხოლმე შუალედებში. ეს არის პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული. თავისი მასშტაბით ცვლილებები არის ძალიან დიდი. მაკრო ჩარჩო სრულად იცვლება – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„600 მილიონამდე არის დანაზოგი არსებულ ბიუჯეტში, რომელიც 2020 წლისთვის მომზადდა 2019 წლის ბოლოს. აქ შემცირება დაახლოებით ნახევარ-ნახევარზე ნაწილდება, 300 მილიონი კაპიტალურში და 300 მილიონი მიმდინარე ხარჯებში. ეს მოიცავს იმ ხარჯების შემცირებას, რომლებიც ამ პანდემიასთან დაკავშირებით ბუნებრივად მცირდებოდა. რაღაც ტიპის საქმიანობები და აქტივობები შეზღუდული იყო და თავისთავად. შედარებით მსხვილი კომპონენტია სხვადასხვა ტიპის კულტურული და სპორტული აქტივობები. რომლებიც იყო დაგეგმილი და უბრალოდ ვერ ჩატარდება. დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ აქ არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგგან 100 000 და ზოგგან 200 000 ლარი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ფინანსები, რომლებიც საჭიროა პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისა და მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ. თქვენ გქონდათ ბოლო კვირების განმავლობაში საშუალება, რომ სათითაოდ გაგევლოთ ეს პროგრამები. პირველ რიგში, ეს იყო საკმაოდ მსხვილი სოციალური დახმარების პაკეტი. ამის შემდეგ იყო ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი, თავისი საგარანტიო ფონდით და ასე შემდეგ. ამის შემდეგ იყო ცალკე პაკეტი სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებების და სულ ბოლოს იყო დეველოპმენტის სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებები. სწორედ ამ მიმართულებების ერთობლიობა ქმნის იმ ახალი ხარჯების ნუსხას და იმ ახალი ხარჯების მიმართულებას, რომლიც ჩვენ დავაფინანსეთ. ერთი მხრივ, შევამცირეთ არსებული ხარჯები რომელზეც ვთქვით, რომ აღარ არის რელევანტური ან აღარ არის პრიორიტეტული ამ ეტაპზე და რაც დაგვაკლდა, მოვიზიდეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ზოგადად ეს არის სურათი“, – აღნიშნა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრმა ასევე კოვიდ ფონდში აკუმულირებულ თანხებზეც ისაუბრა
„ბიუჯეტში არის ჩანაწერი, რომ დაგროვებული თანხმა მოხმარდება მხოლოდ კოვიდთან ბრძოლას, ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და კომპენსირებას. ანუ მიზნობრივობა შენარჩუნებულია. უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.