„ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევა ჩემზე პირადად, ასევე – ხელისუფლებაზე“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც დავით გარეჯის გარშემო საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განცხადებებს გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას დავით გარეჯის გარშემო საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით და საკითხის პოლიტიზების მცდელობასთან მიმართებით – უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეიგულ პარტნიორად, უახლოეს მეგობარ და მეზობელ ქვეყანად და ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საქართველოში, გვქონდა ძალიან საგნობრივი, შინაარსიანი საუბარი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, რადგანაც ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სენსიტიური თემა ჩვენს ურთიერთობებში. აზერბაიჯანელ კოლეგას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც არის გამოწვეული ახალი მასალების მოძიებით.
შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესებით გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე საქართველოსთვის.
ბუნებრივია, კომისიის ფარგლებში, ყველა მხარე საკუთარ პოზიციას იცავს და დაიცავს. ამიტომ, ჩვენ პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან და ეს პოზიცია აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ძალიან კარგად გაიგეს და ეს ასევე ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც ამ ვიზიტის შედეგად გავმართეთ.
სამწუხაროდ, რა მოხდა ამის შემდეგ – ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევა ჩემზე პირადად, ასევე – ხელისუფლებაზე, რომ თითქოს, ხდება საკითხის პოლიტიზაცია, აბსოლუტურად უსაფუძლოდ ბმა მიმდინარე ესკალაციასთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ვიზიტი/შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არანაირი დაპირისპირება, კონფრონტაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არ მიმდინარეობდა და ეს პროცესი დაიწყო შემდეგ, 27 სექტემბერს. ამიტომ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, საკითხის პოლიტიზების მცდელობა ოპონენტების მხრიდან. მე გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას მეზობელ აზერბაიჯანთან.
ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების გამოხმაურება – გუშინ გვქონდა მათთან კომუნიკაცია, ასევე გაკეთდა საჯარო განცხადება. ეს არის სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და ყველას მოვუწოდებ, ნუ ეცდებიან მის პოლიტიზებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ხდება სწორედ იმ კომისიის ფარგლებში, რომლის მუშაობაც ჩვენ განვაახლეთ, აბსოლუტურად ახალი შემადგენლობაა.
ერთი დღეც არ დაგვიკარგავს, რომ მოგვეპოვებინა ჩვენი პოზიციის გამამყარებელი ახალი დოუმენტაცია, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გამოყენებული წინა კომისიის შემადგენლობების მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.