„ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს და რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია, არ აისახოს ლარის კურსზე“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა იმის, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის.
„ეს არის ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმით და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია.
ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებლიანი ვიყოთ.
არავინ საუბრობს იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს, ან თავისი პროტესტი არ დააფიქსიროს, თუმცა არ არის რთული პირბადის გაკეთება და დისტანციის დაცვა. დარწმუნებული ვარ, ძალადობაზე მინიშნებაზე, რადიკალიზმე უარის თქმა და მინიმალური წესების დაცვა პოზიტიურ როლს შეასრულებს როგორც ლარის კურსის მერყეობის შემცირების მიმართულებით, ასევე ვირუსის გავრცელების მიმართულებით“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.