პირველი ქართული კონსტიტუცია იყო უაღრესად დახვეწილი და პროგრესული დოკუმენტი, რომელშიც ფართოდ იყო ასახული მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს ღირებულებები და სამართლებრივი აზროვნების მიღწევები. დღეს ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
მისივე განცხადებით, 70-წლიანი კომუნისტური დიქტატურის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საფუძველი დაედო თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებას.
„1991 წლიდან, საქართველომ კონსტიტუციონალიზმის განვითარების უაღრესად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო. 1991-2018 წლებში, ხუთჯერ შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის სისტემა: – 1991 წელს დანერგილი ფრანგული ტიპის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა 1992-1995 წლებში დროებითმა ჰიბრიდულმა მოდელმა ჩაანაცვლა; – 1995 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც საქართველოში ამერიკული ტიპის საპრეზიდენტო მმართველობა ამოქმედდა; – 2004 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსული მოდელის მიბაძვით, საქართველოში დაინერგა ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო, ხოლო ფაქტობრივად ე.წ. სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის სისტემა, რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრებას შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი; – 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2013 წლიდან ამოქმედდა ჰიბრიდული, ერთგვარი სუპერსაპრემიერმინისტრო მმართველობის სისტემა, რომელშიც მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ იყო დარღვეული ბალანსი ხელისუფლების განშტოებებს შორის“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, 1995-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომელთა უმეტესობა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი.