მამაკაცი, რომელმაც სოხუმში ტელეცენტრის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, უკრაინის მოქალაქე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო სააგენტო Caucasus Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტოს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის სახელი სერგეი ტოროსენკოა, ის დონეცკში სეპარატისტების საველე მეთაურის არსენი პავლოვის, მეტსახელად “მოტოროლას” დაჯგუფების წევრი იყო. “მოტოროლა” 16 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტთან აფეთქების შედეგად დაიღუპა.
მედიასაშუალების მონაცემებით, სერგეი ტოროსენკოს თანმზრახველებიც ჰყავდა, მათ ამჟამად აფხაზეთში სამართალდამცველები ეძებენ.
როგორც სააგენტო წერს, ტოროსენკო აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან ჩავიდა. გამოძიების ინფორმაციით, მას ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით აუფეთქდა. გარდაცვლილს თან აღმოაჩნდა რაცია, ასევე სოხუმის რუკა სახელმწიფო დაწესებულებების ადგილმდებარეობების მითითებით.