საარჩევნო ადმინისტრაციამ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს ეხება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა. შესაბამის განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„თელავში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის პარტიულ წარმომადგენლობაში ყოფნა მიჩნეულ იქნა წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობად. რის გამოც, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიების 12 წევრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს).
ოქმები შემდგომი რეაგირებისთვის 21 ოქტომბერს თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. ამასთან, ხელვაჩაურის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების „ქართული ოცნების“ შტაბში ყოფნის საკითხი შეისწავლა შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ; შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული ორი წევრი (რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები იყვნენ) მეორე ტურებისთვის აღარ იქნებიან კომისიების შემადგენლობაში; მათ ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება;
ხოლო პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილების სახით. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განხილვის შედეგად, №68.81.46 ხალას საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ და „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს) და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნა.
ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის გამო, რაც გავრცელებულ ვიდეო მასალებშიც იკვეთება, ამავე საარჩევნო უბანზე „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრის (შ.დავითაძე) ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ სასამართლოს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილება, ასევე ვადამდე შეწყვეტილი აქვს ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, -აცხადებენ ცესკოში.
რა რეაგირება მოჰყვა საუბნო საარჩევნო კომისიებში დაფიქსირებულ ფაქტებს – ცესკო განცხადებას ავრცელებს
2016/10/23 20:52:35
კომენტარები
ნანახია: 1613 ჯერ