ომალოში აეროდრომი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შიდა ავიაციის განვითარება.
„ჩვენ განვიხილავთ ახმეტის მუნიციპალიტეტში ომალოში აეროდრომის პროექტირების დაწყების საკითხს. მოგეხსენებათ, რომ სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ შიდა ავიაციის განვითარება. ჩვენი მიზანია ის, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ და ასევე ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი, უფრო მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ეს პირველ რიგში, გულისხმობს თუშეთს, რომელიც არის მარგალიტი საქართველოსი თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით, ასევე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში უკვე აღვნიშნავთ იქ ასაფრენი ზოლის დასრულებსაც და რა თქმა უნდა, აეროპორტის დასრულებასაც“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამბროლაურში მაღალი ტემპებით მიმდინარეობს მგზავრებისთვის ტერმინალის მშენებლობა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი წლისთვის დამთავრებული გვექნება მთალიანად ამბროლაურის აეროპორტი. ასევე, გამზადებული გვექნება პროექტი ომალოს აეროპორტის თაობაზე და მშენებლობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ “, – განაცხადა კვირიკაშვილმა.