შეტყობინება და ტექსტი, რომელიც რურუას სახელით მისდის ამომრჩეველს, ითვლება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებად, – ამის შესახებ ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება არ არის კანონდარღვევა, თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს საუბრის შინაარსზე და შეტყობინების ტექსტზე. არჩილ კაიკაციშვილისთვის გაუგებარია, საიდან აღმოჩნდა რურუას ხელში მთაწმინდის ყველა ამომრჩევლის სატელეფონი ბაზა.
“ამომრჩეველთან ტელეფონით დაკავშირება თითქოს არაა კანონდარღვევა, მაგრამ აქ საგულისხმოა საუბრის შინაარსი და შეტყობინების ტექსტი, ასევე სამართალდამცავი უწყება უნდა დაინტერესდეს, საიდან აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიის კანდიდატის ხელში პერსონალურ მონაცემთა შესახებ არსებული ინფორმაცია, საიდან გახდა რურუასთვის ხელმისაწვდომი მთაწმინდის ოლქის ყველა ამომრჩევლის სატელეფონო ბაზა.
სალომე ზურაბიშვილს არ სჭირდება ამომრჩეველთან ამ ფორმით დაკავშირება, რადგან ის რეიტინგული პოლიტიკოსია და რურუამ მიმართა ახალ ხერხს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა უნდა გაირკვეს, რამდენად მოდის შესაბამისობაში მისი ქმედება კანონმდებლობასთან.
„ეს ყველაფერი უნდა შეამოწმოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა”, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.