25 ოქტომბერს, ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა “ბომონდის” ქირურგს ადანაშაულებენ. მათი თქმით, გოგონა ქირურგის მიერ საკეისრო კვეთის დროს დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.
“დაგვამშვიდეს, საკეისრომ მშვიდობიანად ჩაიარაო, თუმცა არ გაუმხელიათ, რომ პირველ ოპერაციაზე საშვილოსნოს ამპუტაცია მოხდა. ვფიქრობთ, ექიმმა შედცდომა დაუშვა, სიტუაცია გართულდა და ამიტომ დაგვიმალეს მეორე ოპერაციაც,” – ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
კლინიკა “ბომონდის” ქირურგი მამუკა მიქაძე კი ამტკიცებს, რომ მისი ბრალეულობა გამორიცხულია.
“ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა, პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას. ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავიყვანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა, მის გარდაცვალებას არანაირად არ ველოდებოდით“, – აღნიშნა მამუკა მიქაძემ.
გარდაცვლილი პაციენტი 23 წლის ლანა მიქაბერიძეა, რომელსაც 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.