ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.
„2016 წლის 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩნდა ცეცხლი. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები, გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტების მიერ მოხდება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი ტაძარია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა.
ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებსთვის დროებით შეზღუდულია.