შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბრის თვე 527 157 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 406 188 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,1%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 2 372 351 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19,7% ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 215 620 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20,9%);
ბ) ტრანზიტი – 121 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23%, კლება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);
გ) სხვა – 190 026 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).
2016 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-2,1%), აზერბაიჯანიდან (+10,1%), თურქეთიდან (-16,6%), რუსეთიდან (+13%), უკრაინიდან (+15,8%) და ირანიდან (+344,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, გერმანია და იტალია (შესაბამისად 27%, 12%, 8%, და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (59%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.