18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
თეოდორე (ჭუაძე), მეუფე გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის განცხადებით, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქები და დელეგაციები ჩავლენ. კერძოდ, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის პატრიარქები და სხვა ეკლესიების ხელმძღვანელები. ასევე, ზუსტდება ინფორმაცია მიიღებს თუ არა დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.
მეუფე გერასიმეს განცხადებით, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვაში მიიღებს მონაწილეობას.