„ავღანეთიდან სტრატეგიული უკან დახევის შემდეგ აშშ-მა დასავლური ალიანსების ერთგულ ქვეყნებთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს“, – ამ სათაურით საქართველოს შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა The Hill-ი აქვეყნებს.
სტატიის ავტორი იანუშ ბუგაისკი წერს, რომ აშშ-ის მხრიდან ასეთი პოლიტიკა გაზრდის ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობას რუსული და ჩინური აგრესიის წინააღმდეგ.
„შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის საკვანძო პარტნიორი საქართველოა, სადაც სულ ახლახან ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენს. ამ თავდასხმების მიზანი დასავლურ სტრუქტურებში ამ ქვეყნების გაწევრიანების არ დაშვებაა.
უცხოური მტრული თავდასხმების გარდა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ასევე ებრძვიან შიდა ძალები, რომლებიც არჩევნების დელეგიტიმაციისა და ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობის გაჩენის გზით საზოგადოების გახლეჩას ცდილობენ. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მყარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების საპირისპიროდ ამბობს, რომ არჩევნები „გაყალბდა“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივარაუდა ასეთი საფრთხის წარმოშობის შესაძლებლობა თავის სიტყვაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიები განიცდიან ზეწოლას ისეთი ძალების მხრიდან, რომლებსაც მხარს უჭერენ და ეხმარებიან საბოტაჟის მოწყობის მსურველი უცხოელები.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციისა და მუდმივი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთგული რჩება. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაატარა საარჩევნო რეფორმები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად, უზრუნველყო უფრო მეტად პროპორციული წარმომადგენლობა მუნიციპალურ დონეზე და გაზარდა შესაძლებლობები მრავალპარტიული საკრებულოებისთვის.
ამ პროგრესის მიუხედავად, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არჩევნების მიმართ უნდობლობის გაჩენა სცადა, რაც ძალიან ჰგავდა ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მაგალითად, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ძალიან ხშირია პარლამენტის ბოიკოტირება და მასობრივი გაყალბების შესახებ განცხადებები. ამ ბრალდებების მიუხედავად, ალბანეთმაც და ჩრდილოეთ მაკედონიამაც ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილეს.
საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგულარულად საუბრობს არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე, მაგრამ ასეთი ბრალდებები ეწინააღმდეგება ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის და ამერიკული ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს.
საქართველოს დემოკრატიული წინსვლა დაადასტურა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ადგილობრივი არჩევნები კონკურენტულად, გამჭვირვალედ და პროფესიონალურად ორგანიზებულად შეაფასა. „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ მაღალი აქტივობის ფონზე ხმათა დაახლოებით 47% მიიღო და მორიგი მანდატი მოიპოვა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 31% მოიპოვა. არჩევნების წინა საღამოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, სადაც ის ძალაუფლების გადამეტებისთვის წინა წლებში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველზე დააკავეს. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიულ გზას და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება კვლავ ცდილობს, დაიბრუნოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ებრძვის ძირგამომთხრელ ქმედებებს რუსეთის მხრიდან. სააკაშვილი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, როდესაც ცდილობს, გამოიწვიოს არეულობა, გააღრმავოს პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაცია მოახდინოს, მოუწოდებს რა ძალოვან სტრუქტურებს არ დაემორჩილონ მთავრობას.
საერთაშორისო დონეზე არასტაბილური და დაყოფილი საქართველოს დისკრედიტაცია და დასავლური ინსტიტუტებიდან მისი დაშორება გაცილებით მარტივია. მოსკოვი ვერ აყალიბებს საქართველოში მისდამი ლოიალურ ადმინისტრაციას, ამიტომ მას საერთოდ არ სურს, იხილოს თბილისში სტაბილური პოლიტიკური გარემო და ლეგიტიმური არჩევნები, რაც შეიძლება მაგალითად გამოდგეს მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოკავკასიური რეგიონებისთვის, რომლების ასევე ესაზღვრება საქართველოს.
ასეთ პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ შემდგომ საარჩევნო და დემოკრატიულ რეფორმებს ინსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში და წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქუჩაში არეულობებისა და პოტენციური ძალადობის პროვოცირებას მოისურვებს.
ავღანეთში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, აშშ-მა უნდა აჩვენოს სტრატეგიული წარმატება, გააძლიეროს რა ურთიერთობები საკვანძო პარტნიორებთან გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში. იმ ფონზე როდესაც მოსკოვი რეგიონში დომინანტური როლის შესრულებას ცდილობს, პეკინი ასევე ეძებს დასაყრდენს ამ მნიშვნელოვან ენერგოდერეფანში ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის.
აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერის გარეშე, მათ შორის ნატოში გაწევრიანების „საგზაო რუკის“, ევროკავშირის წევრობისა და მყარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გარეშე, საქართველო უფრო მეტად მოწყვლადი იქნება ანტიდასავლური ძალების ამბიციების წინაშე“, – წერს სტატიის ავტორი.