მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 12 კილო დაიკლო. რაც შეეხება ტელევიზორსა და ლეიბს, პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხზე ადვოკატები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
„რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობებს, ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ტყუილი ვრცელდება, მათ შორის, მისი ადვოკატების მხრიდან. ტყუილი იყო, რომ თითქოს ლეიბი არ ჰქონდა, თავიდანვე ჰქონდა ლეიბი მას, წარმოუდგენელია, იატაკზე ეძინა თუ როგორ დავიჯეროთ ეს? ტყუილია, რომ თითქოს ტელევიზორს არ აძლევდნენ, პროცედურაა, რომ შესყიდვა უნდა მოხდეს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას ტელევიზორი აქვს.
რაც შეეხება შიმშილობას, მეც მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს, რა თქმა უნდა, მისი პირადი გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე სასჯელაღსრულების დაწესებულება რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.