საქართველოს სახალხო დამცველი ფინანსთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ომბუდსმენის მიმართვის საფუძველი და მიზანი არის დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენმა მოქალაქე შ.კ.-ს გამოკითხვის, ამ პირის დაკავებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით კი, მოქალაქე შ.კ.-ს ჯანმრთელობის სხვა დაზიანებებთან ერთად აღენიშნება ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა და სხვა.
სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული შესწავლის შედეგები არ გამორიცხავს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს, მათ შორის მოქალაქე შ.კ.-ს მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველი და მიზანი არის დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება“,-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ცალმხრივია, არ ასახავს მომხდარი ფაქტის რეალურ გარემოებას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.