კახეთში, გოგონების წინდაცვეთის შესახებ საკითხს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე ვიზიტი განხორციელდა მითითებულ სავარაუდო სოფლებში, თუმცა ამ დროისთვის მსგავსი ფაქტი არ დაუდასტურებიათ.
”ოქტომბერში ჩვენთვის, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ კახეთის რამდენიმე სოფელში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა გოგონების გენიტალიების წინდაცვეთას. ამის შესახებ ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეკითხვით და დავინტერესდით ამ საკითხით, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლების მიერ განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი სავარაუდოდ მითითებულ სოფლებში, თუმცა ამ დროისთვის ფაქტმა დადასტურება ვერ პოვა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ წარმოებას. ამ კონკრეტული დროისთვის, რაიმე კონკრეტული შედეგი არ გვაქვს, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ თემთან. ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა მასწავლებლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ჩვენ ვსწავლობთ და შედეგების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. რადგან ეს არის სავარაუდო ფაქტი და ჯერ არ დადასტურება, გამიჭირდება ამ პრობლემაზე საუბარი საქართველოს კონტექსტში”, – განაცხადა სხილაძემ.
სახალხო დამცველის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არის გენდერული თანასწორობის დარღვევის ყველაზე სასტიკი გამოვლინება.