თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე, რომელიც 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღშია გადაღებული, აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ერთ-ერთი აღსაზრდელის ნათესავი ამ ფაქტის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზეც წერს:
“არ შემიძლია არ მოგიყვეთ. ხვალ, ჩემ ბიძაშვილის შვილს, თათულიკოს, რომელიც ოთხი წლის არის, ქორწილი აქვს. დიახ ქორწილი. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად გვაჩვენა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: “ოჯახი და ტრადიციები”, ქვეპუნქტი: “ქორწილი”. ამ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიჭებმა უნდა აირჩიონ გოგონები, რომელზეც სურთ დაქორწინება. მშობლებს დაავალეს მიიტანონ ტკბილეული.
გოგონებს ჩააცვან კაბები, ფატებს თვითონ საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს. არ ვიცი როგორ წყვილდებიან იმ შემთხვევაში, თუ ბიჭების და გოგონების რაოდენობა თანაბარი არ არის (ნუ ეს იმიტომ, რომ ტრადიციებს აწვებიან). ამასობაში, დემეს, თათულის უმცროს დეიდაშვილს აქვს შეკითხვა: “ჯვარისწერა იქნება?” უფროსი დეიდაშვილი აცხადებს, რომ ქორწილს სიძის ოჯახი კისრულობს. ასეა თუ ისე, ხვალ, თათულის ქორწილი აქვს!” – წერს ინტერნეტმომხმარებელი.