გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ რიგით 41-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ყველა ის ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების საკითხი და ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2012 წელს, ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პირი თვითმკვლელობის შედეგად არის გარდაცვლილი, ხოლო ცხედარი სოხუმშია დასაფლავებული. აღნიშნულ საკითხზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ოჯახის ჩართულობით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის გადაადგილების თავისუფლების აუცილებლობის საკითხებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 24 იანვარს გაიმართება.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ შეხვედრა გაიმართა
2016/11/11 18:34:53
კომენტარები
ნანახია: 1386 ჯერ