საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, საქართველოს სოლიდარობის ფონდისა და ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში – ერთობლივი პროექტის ჰოჯკინის დაავადების მქონე ბენეფიციარების (ბავშვები და 21 წლის ჩათვლით ახალგაზრდები) CT/MRI კვლევებს (მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია) განახორციელებს უსასყიდლოდ მაღალი სამედიცინო სტანდარტის შესაბამისად.
“მისასალმებელია, რომ პროექტს შემოუერთდა სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ მათი დახმარებით „ჰოჯკინის მართვის გაუმჯობესების პროექტში“ ჩართულ ფონდის ბენეფიციარებს რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდებათ ევექსის კლინიკაში ამავე კომპანიის დაფინანსებით.
“მივესალმებით აღნიშნულ მხარდაჭერას და ავღნიშნავ, რომ ამ სახის თანამშრომლობა ფონდს საშუალებას მისცემს რომ კიდევ მეტ ბავშვს და 22 წლამდე ახალგაზრდას დაეხმაროს” – განაცხადა საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო კაკალიაშვილმა-ძაგნიძემ. მადლობას ვუხდით კორპორაცია ევექსი • EVEX მხარდაჭერისათვის.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და პირველ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას მოიცავს.
2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 32 ორგანიზაციის მხარდაჭერით გაფორმებული თანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 8 215 420 ლარი იქნა მობილიზებული.
უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ფონდმა სიმსივნით დაავადებული 311 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება საერთო ჯამში 1 990 059 ლარის, 2 750 080 აშშ დოლარისა და 1 357 579 ევროს მოცულობით დაამტკიცა.
180 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 131 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა, რაც კერძო, საჯარო, არასამთავრობო სექტორისა და თითოეული თქვენთაგანის ჩართულობის შედეგია.