როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ჰქონდა ინიციატივა, რომ მომავალ წლებში, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და პირველი კლასელების კომპიუტერებით შეძლებულ ოჯახებს აღარ დახმარებოდნენ, თუმცა როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი აღნიშნული მოსაზრება არავის მოეწონა და ინიციატივა არ განხორციელდება.
”როგორც ჩანს, არავის მოეწონა ჩემი ეს მოსაზრება და ამიტომ ეს არ მოხდება, თანაც, ძალიან ცოტაა ასეთი ოჯახი. ეკონომიას ვერაფერს მივიღებთ და ტყუილა, შევაწუხებთ ხალხს”, – განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველ კლასელების კომპიუტერებით შესაძლოა აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, 40 000 ლარი ვთქვით ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მე მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ და საშუალება გვაქვს ჩემი, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმრთულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება”, – განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.