ზაზა ბიბილაშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება.
„ის არაჯანსაღი გარემო, რომელიც დღეს პარტიაშია, გამომდინარეობს მართვის არადემოკრატიული ფორმიდან და „1-2 ახირებული პერსონაჟის” მხრიდან პარტიის უზურპაციის სურვილიდან. ჩვენ უნდა დავასრულოთ მართვის თვითდესტრუქციული, გამყოფი სტილი და გადავიქცეთ მიზიდულობის რეალურ ცენტრად.
ამასთან, მინდა, ჩემი პატივისცემა და მეგობრული სიყვარული დავუდასტურო ჩემს ყველა თანამებრძოლს, რომლებიც დღეს სხვა აზრზე არიან. ის, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ – თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან – საკითხზე, განსხვავებული აზრი გვაქვს, სრულიად ნორმალური და ჯანსაღია. ეს არაა პრობლემა. მაგრამ მინდა ვთხოვო ამ ადამიანებს: ნუ მისცემთ ნურავის საშუალებას, ისეთი მოცემულობა შეგიქმნათ, რომ მათი ბრძოლა თქვენი ბრძოლა გახდეს. ეს არაა თქვენი ბრძოლა! მით უფრო, ეს არაა ბრძოლა პარტიის ორ ფლანგს შორის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ.
ეს ბრძოლა იმისაა, ვინც განიზრახა, კულუარულ დიქტატს შიდაპარტიული დემოკრატია დაარქვას და მომავალ ყრილობაზე არაფორმალური მმართველობა დააკანონოს; ვინც გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლაა ამისთვის საუკეთესო დრო. დიახ, ეს რამდენიმე „ახირებული პერსონაჟის” ბრძოლაა სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც – მორალურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ – სრულიად უგუნური საქციელია.
ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა ელექტორალურ, მორალურ ან ადამიანურ ხეირს ნახავთ ამისგან? რა ხეირს ნახავს პარტია? წაგვწევს თუ არა წინ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ დროს სახალხო პარტიის სნობურ კლუბად გადააქცევა? კითხვები, მგონი, რიტორიკულია. რატომ აქ? ადრე ამ წერილს „ტაბულაში” გამოვაქვეყნებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი განსხვავებული აზრით განრისხებულმა „ტაბულას” ხელმძღვანელმა საჯაროდ მირჩია, სტატიები „მარშალპრესში” წამეღო და, პარალელურად, „ტაბულას” ვებსაიტის პირველი გვერდიდან ჩემი სტატია ააღებინა. მიამიტი ან არაინფორმირებულია ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ტიპის ქმედებას კავშირი არა აქვს პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან, ან რომ პარტიის დე-ფაქტო ლიდერს სწორედ ასე არ ესმის „შიდაპარტიული დემოკრატია”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.