30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, – შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დღეს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო. საქვეყნო, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე – ასე შეაფასა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გერმანული წარმოების, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა და ინვესტორს, გოჩა ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, გურიაში ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალის შექმნა გამოაცოცხლებს და ააგუგუნებს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს.
“ეს არის ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით – გერმანული ტექნოლოგიით არის აწყობილი. ძალიან მახარებს, რომ პირველად, ამ საწარმოს საქართველოს ისტორიაში, ქართულ საწარმოს ექნება ფილიალი გერმანიაში და აქ წარმოებული პროდუქცია ათასამდე დანიშნულებით გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე, 130-მდე ოჯახი მიიღებს შემოსავალს ამ საწარმოს შედეგად, ხოლო შემდგომში, დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. “აწარმოე საქართველოში” ძალიან წარმატებული პროგრამაა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა შეუძლია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორ თანამშრომლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები, წარმატებული ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი წარმატება ნახეს ქვეყნის გარეთ, უბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და მისი აღმშენებლობის ფერხულში ერთვებიან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, გაცილებით ნაკლები საინვესტიციო ვალდებულების მიუხედავად, კომპანიამ 30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და საწარმოს გაფართოებას განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის ახლად გახსნილი კულტურის სახლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონების კულტურული აღორძინება მნიშვნელოვანია.
“ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას. აუცილებელია, ბავშვებმა იარონ მუსიკის, მხატვრული კითხვის გაკვეთილებზე, შეისწავლონ საკუთარი კულტურა. აუცილებელია, ასეთი კერები იყოს რაიონებში, რათა აქედან წასული ოჯახები ზაფხულს თავიანთ მამა-პაპისეულ სახლებში ატარებდნენ, ისე, როგორც ადრე იყო. ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა, ესაა ჩვენი მთავარი დანიშნულება, რადგან ჩვენ ეს დავკარგეთ და დღეს ყველაზე მეტად ეს გვაკლია. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე, არის უზარმაზარი ნაბიჯი ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ სამსახური აქვთ, ოჯახებში შემოსავალი აქვთ, შვილები აქედან წასულ მშობლებს ელოდებიან საღამოს – და არა ხელცარიელს, როგორც ეს ადრე იყო, ყველაზე მეტად ეს მახარებს. დიდი მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს დამფუძნებელს.
საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო. კომპანია, ინვესტიციის 100 მილიონ ლარამდე გაზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.