„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას. აუცილებელია, ბავშვებმა იარონ მუსიკის, მხატვრული კითხვის გაკვეთილებზე, შეისწავლონ საკუთარი კულტურა. აუცილებელია, ასეთი კერები იყოს რაიონებში, რათა აქედან წასული ოჯახები ზაფხულს თავიანთ მამა-პაპისეულ სახლებში ატარებდნენ, ისე, როგორც ადრე იყო.
ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა, ესაა ჩვენი მთავარი დანიშნულება, რადგან ჩვენ ეს დავკარგეთ და დღეს ყველაზე მეტად ეს გვაკლია. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე, არის უზარმაზარი ნაბიჯი ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ სამსახური აქვთ, ოჯახებში შემოსავალი აქვთ, შვილები აქედან წასულ მშობლებს ელოდებიან საღამოს – და არა ხელცარიელს, როგორც ეს ადრე იყო, ყველაზე მეტად ეს მახარებს. დიდი მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.