”ზოგადად, უსაფრთხოების არქიტექტურა მუდმივად საჭიროებს რეფორმირებას“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივას.
სესიაშვილი განმარტავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია მუდმივად განახლებადია.
”ზოგადად, უსაფრთხოების არქიტექტურა მუდმივად საჭიროებს რეფორმირებას. ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა – მიაღწიე და კმაყოფილი დარჩი. ამიტომ, თავისთავად ცხადია, ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ საფრთხეების შეფასებას, სამხედრო სტრატეგიის გადახედვას. ალბათ, უახლოეს ხანებში დადგება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საჭიროება. რაც შეეხება საერთო ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებას, ეს სხვადასხვა დოკუმენტებში აღწერილია, უბრალოდ, საჭიროა, კომპლექსურად დავინახოთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ არსებული სტრატეგია მეტ-ნაკლებად პასუხობს საფრთხეებს.
”პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე აქცენტის გაკეთება, ალბათ, მის სურვილს უკავშირდება, რომ უფრო უკეთესი იყოს და არა იმას, რომ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვაქვს. პოლიტიკაში ხშირად გვესმის ხოლმე – უფრო უკეთესი, უფრო ეფექტური ან ძლიერი. ეს ზოგადი ფრაზებია. ამ სურვილებიდან გამომდინარე, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებული მეტ-ნაკლებად პასუხობს საფრთხეებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილი გლობალური პოლიტიკური კონტექსტიდან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება.
ირაკლი სესიაშვილი – ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ საფრთხეების შეფასებას, სამხედრო სტრატეგიის გადახედვას
2016/11/19 19:59:45
კომენტარები
ნანახია: 1309 ჯერ