ამ საკითხის ირგვლივ არავითარი საფუძველი არ არსებობს ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით სპეკულაციურია. მთავარ ამოცანად და მიზნად ისახავს იმას, რომ რამენაირად დესტრუქციის ახალი მუხტი გააჩინოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო საყოველთაო კონსენსუსის გამოძებნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანია ესკალაციის თავიდან არიდება და ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა.
„რეალურად, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთაგანი, რომლის პარლამენტიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც მას შეიძლება, ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ესკალაციის თავიდან არიდება და იმ ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა, იმ საფრთხისა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ზოგადად, ცივილიზებულ კაცობრიობას. რაც მეტი მოქალაქე გამოხატავს თავისებურად პოზიციას, ეს გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკების თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინას რისკებს აარიდებს, არამედ ამათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში და ეს პროექტი ვერ შედგეს და ნებსით თუ უნებლიეთ, ამით რუსული საქმე გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და დასძინა, რომ რეზოლუციის ტექსტი ორიენტირებულია რისკებისა და საფრთხეებისგან თავის არიდებისკენ.
საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად დაარეგისტრირებს. თავის მხრივ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი პროექტი „ევროპელმა სოციალისტებმაც“ წარადგინეს.
