საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე საუბრობს, ეკონომიკური თვალსაზრისით. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “მთავარის” სტუდიაში ისაუბრა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ახალი მინისტრთა კაბინეტის პირობებში, არის წინაპირობა იმისა, რომ შესაძლებელი იყოს ეკონომიკის უკეთესი განვითარება.
„ახლა ძალიან სერიოზულ და საინტერესო ეტაპზე ვართ. მოდით შევხედოთ არსებულ მთავრობას, რომელსაც რამდენიმე დღეში პარლამენტი დაამტკიცებს.
მათ გააჩნიათ ახლახანს განახლებული ძლიერი პოლიტიკური მანდატი, ძალიან ძლიერი საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაზრისით.
ასევე, არსებული პოლიტიკური გუნდი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე მისი ბიოგრაფიიდან და იმ ცოდნიდან, რომელშიც ის განსაკუთრებით კომპეტენტურია, ეს არის ეკონომიკური მიმართულება, მისი ეკონომიკური გუნდი ძლიერია.
ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნეს საზოგადოების მხარდაჭერა, – ეს ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. მე ვიცი, რომ მათ რწმენა და მხარდაჭერა აქვთ კვირიკაშვილის.
მნიშვნელოვანია მთავრობის თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან. თუ აქამდე იყო გადაბრალება და საუბრები ეროვნულ ბანკზე, ახლა ეს სხვაგვარადაა.
ასე რომ, თუ რაიმე წინაპირობა შესაძლებელია იყოს ეკონომიკის უკეთესი განვითარებისათვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, დღეს ყველა ასეთი წინაპირობა უზრუნველყოფილია. ახლა არის აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.