აშშ-ში ყოფილმა მონაზონმა მერი მარგარეტ კრეპერმა აღიარა, რომ კათოლიკური სკოლიდან, სადაც დირექტორად მუშაობდა 835 ათასი დოლარი მოიპარა და თანხა კაზინოში დახარჯა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 80 წლის ქალი ციფრული თაღლითობისა და ფულის გათეთრების გამო პატიმრობაში წელიწადსა და 1 დღეს გაატარებს. ამასთან, მას სკოლისთვის მოპარული თანხის დაბრუნება მოუწევს.
„შევცოდე, კანონი დავარღვიე და ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ყოფილმა მონაზონმა განაჩენის გამოცხადების დროს.
გამოძიების ცნობით, 10 წლის განმავლობაში კრეპერი წმინდა ჯეიმსის კათოლიკური სკოლისთვის შეწირულ თანხებს ითვისებდა და თანამშრომლებს ფინანსური ჩანაწერების განადგურებას ავალებდა. ეს სქემა 2018 წელს, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, მედიისთვის კი კრეპერის საქმე გასული წლის ივნისში გახდა ცნობილი.