ე.წ. ნარუშილოვკებთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს და ინფორმაცია შეგიძლიათ ქალაქის პროკურატურაში მოიკითხოთ – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვას იმის შესახებ, თუ რა ხდება ე.წ. ნარუშილოვკების საკითხზე, როდესაც ლევან იზორიას ძმას ვიღაც უცხო პირმა ”შეაჩეჩა” ”ნარუშილოვკა”.
”რამდენიმე თვის წინ, როდესაც ლევან იზორია სუს-ის ანგარიშს წარმოგვიდგენდა, ვკითხე, როგორ გადაწყდა იმ ადამიანის საქმე, რომელმაც მის ძმას მისცა ”ნარუშილოვკა”. მაშინ ბატონმა ლევანმა მიპასუხა, რომ ჩემგან ელოდებოდა ამ შეკითხვას, მოვიდა მომზადებული და რომ ამ ადამიანმა, რომელმაც ე.წ. ნარუშილოვკა შეაჩეჩა, პასუხი აგო და ის გაათავისუფლეს. მე შემიძლია მოგიტანოთ თქვენი პასუხი, სადაც თქვით, რომ ”პასუხი აგო ამ ადამიანმაო”.
ამის შემდეგ გავგზავნე შეკითხვა შსს-ში და მოვითხოვე დაკონკრეტება, ვინ აგო პასუხი, რომ დაეძალებინა თქვენი ძმა ევლო ”ნარუშილოვკით”. მივიღე მღებრიშვილის პასუხი, რომ ამ საკითხზე პასუხი არავის არ უგია, იმიტომ რომ გამოძიება ისევ მიმდინარეობს და ის მიმდინარეობს პროკურატურაში. იქნებ დამიკონკრეტოთ რომელი იტყუებით და კიდევ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოძიება?”, -განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ლევან იზორიას თქმით, აღნიშნულ საქმეში არც ერთი თანამდებობის პირი ჩარეული არ არის, რაც შეეხება გამოძიებას ის კვლავ მიმდინარეობს.
”ზუსტად ამ დარბაზში მე ვთქვი, რომ პიროვნებები დადგენილია და რომ პიროვნებები პროკურატურაში გამოიკითხნენ. შესაბამისად, მე გთხოვეთ თქვენ, რომ მიგემართათ შესაბამისი უწყებისათვის. ამ შემთხვევაში სასურველია ქალაქის პროკურატურას მიმართოთ და დამატებითი ინფორმაციები გაიგოთ.
მე ვთქვი, რომ პროცესი მიმდინარეობდა, გამოკითხვა შედგა ქალაქის პროკურატურაში, მათ შორის ჩემი ძმის და იმ პირის ვინც იდენტიფიცირებულია, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ თანამდებობის პირს, მით უფრო მინისტრის დონეზე, არავითარი ”წვლილი” არ მიგვიძღვის”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
რამდენიმე თვის წინ, “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა ვიდეოინტერვიუ პოლიციის უფროს ლეიტენანტ გიორგი ბაბუნაშვილთან, რომელიც ჰყვება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ. “ნარუშილოვკა” სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს.
ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.