პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღო.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„თინა ხიდაშელმა განცხადება გააკეთა პირდაპირ ეთერში, სამწუხაროდ. მე ამდენი ხანი საჯარო სირცეში კრიტიკისგან თავს ვიკავებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი კაბინეტის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა. მე ბევრჯერ შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს. პოლიტიკაში გულისტკენები არ არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო შესაბამისობაში იმ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ იყო მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, როცა მიიღეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.