მას შემდეგ, რაც უკრაინაში საბრძოლველად წასული 300-მდე ცხინვალელი სამხედრო რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა, ცხინვალში დიდი აჟიოტაჟია. საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილი უკან დაბრუნებულებს ლაჩრობაში ადანაშაულებს და ღიად აცხადებს, რომ სირცხვილს სიკვდილი სჯობს. ნაწილი კი თვლის, რომ ისინი სწორად მოიქცნენ, რადგანაც ფრონტის ხაზზე „საზარბაზნე ხორცად” გაგზავნეს. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს ფაქტი არც მოსკოვში მოსწონთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ დაუშვებენ, რომ ამ თემის განხილვა დიდხანს გაგრძელდეს.
ცხინვალში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში დაახლოებით ერთი კვირის წინ 1000 ჯარისკაცი და ოფიცერი გადაისროლეს. ეს ძირითადად ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ან ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. დე ფაქტო ხელისუფლებამ მათ პომპეზური გაცილება მოუწყო.
მოგვიანებით გარიკვა, რომ ეს ჯარისკაცები უკრაინაშ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი ნათესავებს ატყობინებდნენ, რომ სასაკლაოზე დაყარეს, სათანადო აღჭურვილობისა და იარაღის გარეშე და აფრთხილებდნენ ნაცნობ-მეგობრებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად აღარ წასულიყვნენ.
1-ლ აპრილს კი ამ ჯარისკაცთა ნაწილი, 300-მდე ადამიანი, ცხინვალში დაბრუნდა.
„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამის გამო ორად გაიყო საზოგადოება. ამ დრომდე სოციალურ ქსელებში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, დეზერტირები არიან ეს ახალგაზრდები, თუ არა.
ამასთან, ცხინვალის მოსახლეობის ნაწილი და ჯარისკაცთა ოჯახები შიშობენ, რომ ომიდან წამოსულ თუ გამოქცეულ მებრძოლებს ბრძანების შეუსრულებლობასა და დეზერტირობაში დაადანაშაულებენ, რის შემდეგაც სამხედრო ტრიბუნალს გადასცემენ. ამიტომ სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოწოდებები, მათ დასაცავად საპროტესტო აქციების მოწყობის შესახებ.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსები ცხინვალელი მებრძოლების ნაწილის უკან დაბრუნების გამო ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ოსებს ღალატში ადანაშაულებენ. თუმცა, მისივე პროგნოზით, ეს თემა სავარაუდოდ მალე მიჩუმათდება, რადგან მომხდარის აფიშირება მაინცდამაინც არც მოსკოვში აწყობთ.
„რეალურად მოხდა ის, რაც ითქვა – უკან დაბრუნდა სამხედროების რაღაც ნაწილი, რომლებიც გაწვეული იყვნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში. მოგეხსენებათ, ცხინვალში განლაგებულია რუსეთის მე-4 ბაზა. ეს ახალგაზრდები კი სხვა რუს სამხედროებთან, ერთად რომლებიც მიდიოდნენ უკრაინაში, დიდი ზარზეიმით გააცილა ბიბილოვმა, დადებინა ფიცი და იყო მთელი ამბავი. მაინცდამაინც დიდი უკმაყოფილება მაშინ არ გამოუთქვამს მოსახლეობას, აფხაზებისგან განსხვავებით.
„როცა ისინი ჩავიდნენ უკრაინაში, აღმოჩნდა, რომ მართლა საზარბაზნე ხორცის ფუნქციას ასრულებდნენ. უმეთაუროდ გაუშვეს ცხელ წერტილებში. როგორც თავად ამბობენ, დაყარეს მინდორში, არ მისცეს ტექნიკა და ა.შ. ამან გამოიწვია მშობლებისა და ნათესავების უკმაყოფილება. ამასთან, მომხდარი გამოიყენა დე ფაქტო ექსპრეზიდენტმა კოკოითმა და გააკეთა მწვავე განცხადებები.
„მომხდარის გამო, უკმაყოფილონი არიან რუსები, ეს ჩანს სოციალურ ქსელშიც. „ყოველთვის მოღალატეები იყვნენ ოსები” – წერენ ისინი. თუმცა, ყველაფერს გააკეთებენ რუსები, რომ ამაზე დიდხანს არ გაგრძელდეს საუბარი.
„რაც შეეხება ე.წ. არჩევნებს, ისე აქვს იქ ყველაფერი მოგვარებული ბიბილოვს, რომ არ მგონია რაიმე განსაკუთრებული პრობლემები შეექმნას, თუ არ გააქტიურდა კოკოითი მიუხედავად იმისა, რომ არ იყრის კენჭს. მაგრამ ეს არ სჭირდება რუსეთს, მით უმეტეს, რომ პიარისთვის უკვე გაკეთებული აქვს განცხადება რეფერენდულის საკითხზე, რომელიც გულისხმობს შეერთებას რუსეთთან.
„ამასთან, ძალიან რთული წარმოსადგენია ცხინვალში რაიმე სახის უთანხმოება და დაპირისპირება, იმდენად მორჩილია ხალხი. ყველაფერი ხელში უჭირავს რუსეის ჯარს“, – განაცხადა არეშიძემ.