20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებული საქმის განხილვა სკანდალური ჩვენებით გაგრძელდება. როგორც ცნობილია, ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ძალოვანი უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს ასამართლებენ, ესენი არიან: სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე, უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი – ვიქტორ ყაჭეიშვილი, სამართლებრივი რეჟიმის ყოფილი უფროსი – ოლეგ ფაცაცია, სად-ის უფროსის ყოფილი მოადგილე – გაგა მკურნალიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა.
საუბარია ე.წ. კოჭოიას საქმეში ბრალდებული პირების სასტიკ წამებაზე. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მორიგ სასამართლო სხდომაზე ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემასა და წამების საკმაოდ სკანდალური დეტალების გასაჯაროებას გეგმავს თავად კოჭოია, იგივე მერაბ ყოლბაია, რომელიც 2010 წელს განხორციელებული რამდენიმე ტერორისტული აქტის ორგანიზების ბრალდებით გაასამართლეს. აქვე შეგახსენებთ ტერაქტების ქრონოლოგიას:
2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება მოხდა აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს; 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა იყო; 21 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თბილისის რკინიგზის სადგურთან; 28 ნოემბერს აფეთქება მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი ნინო გორდეზიანი. იმავე დღეს აფეთქება მოხდა მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან.
სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად სწორედ მერაბ ყოლბაია დაასახელა. მაშინდელი ძალოვნები ამტკიცებდნენ, რომ ტერორისტთა ჯგუფი დავალებებს გალის რაიონში მყოფი რუსული არმიის მაიორისგან – ევგენი ბორისოვისგან იღებდა. მასზე საქართველოს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. კოჭოიასთან ერთად ტერორიზმის ბრალდებით, საერთო ჯამში, 15 პირი დააკავეს, თუმცა ნაწილმა სასჯელი უკვე მოიხადა. ამჟამად პატიმრობაში მხოლოდ გოგიტა არქანია, გოჩა ხურცილავა, მერაბ ყოლბაია და ნუკრი შონია რჩებიან.
რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ბრალდებული, დავით კეკუტია სასამართლომ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო უდანაშაულოდ ცნო. ამჟამად სასამართლო განხილვის ეტაპზეა ამ ამბის კიდევ ერთი ფიგურანტის, გოჩა ხურცილავას საქმე, რომელიც, ასევე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს. კონკრეტულად რა ახალ გარემოებაზეა საუბარი ამის გარკვევას ჩვენ მის ადვოკატთან, გელა ნიკოლაიშვილთან შევეცადეთ, რომელიც, ასევე, იცავს მერაბ ყოლბაიას ინტერესებს. ადვოკატი გვიხსნის, რომ კეკუტიას გამამართლებელი განაჩენი განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილმა წესმა, რომლის მიხედვითაც ირიბი ჩვენება არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქცა კეკუტიას საქმეში ახლადგამოვლენილი გარემოების საფუძველიც. ამავე საფუძვლით ადვოკატი გოჩა ხურცილავას განთავისუფლებასაც მოითხოვს.
„ამ ეტაპზე ხურცილავას საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლო. ახლად გამოვლენილი გარემოება გახლავთ მის წინააღმდეგ მიცემული ირიბი ჩვენება, რაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ შეიძლება პირის გამტყუნების მიზეზი გახდეს. ირიბი ჩვენების საფუძვლით ამ საქმეში უკვე გაამართლეს დავით კეკუტია. რატომღაც მის განთავისუფლებას მედიის მხრიდან დაინტერესება არ მოჰყოლია, არადა მართლაც მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახლდათ. ირიბი ჩვენება მდგომარეობდა იმაში, რომ არსებოს მოწმე, რომელსაც მართალია, საკუთარი თვალით არ უნახავს ფაქტი, მაგრამ ვიღაცის გადმოცემით, იმან კიდევ ვიღაცის მონაყოლით იცის ამის შესახებ“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენებების გარდა, საქმეში დევს მხოლოდ მსჯავრდადებულ ყოლბაიას, იგივე „კოჭოიას“ პირდაპირი ჩვენებაც, თუმცა თავად ყოლბაიამ განაცხადა, რომ გამოძიებამ ეს ჩვენება მისი წამების შედეგად მოიპოვა. სწორედ ამ წამების სცენის აღწერას და კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას გეგმავს ის 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე, თუმცა მანამდე „პრაიმტაიმი“ შეეცადა იმის გარკვევას, რის თქმას აპირებს ტერორიზმში ბრალდებული სკანდალური პატიმარი. ჩვენთვის ცნობილი გახდა მისი დაკითხვის ოქმის შინაარსი. დაკითხვისას ყოლბაია იხსენებს, რომ 2011 წლის 15 თებერვალს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ქართველმა პარტიზანებმა მოიტაცეს, ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურებზე ჭრილობები მიაყენეს, ტყის გავლით ენგურზე მალულად გადაიყვანეს.
„ენგურზე გადასვლის შემდეგ დახვდათ „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა, სადაც ისხდნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები. პარტიზანების ჯგუფი ჩაჯდა აღნიშნულ ავტომანქანაში, რის შემდეგაც წამიყვანეს ზუგდიდში, ჩემთვის გაურკვეველ შენობაში, სადაც დავყავი დაახლოებით ნახევარი საათი. მანქანაში ერთ-ერთმა სამხედროფორმიანმა პირმა, რომელიც იჯდა მძღოლის მარჯვენა მხარეს, მკითხა, ვიცნობდი თუ არა მეგის ქარდავას, რაზეც უარით ვუპასუხე. ფორმიანმა პირმა კი მითხრა, სწორედ მე ვარ მეგის ქარდავაო. ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ მან ხელი მომკიდა და „პიკაპის“ სახურავის გვერდითა ნაწილზე მიმარტყმევინა თავი, რა დროსაც გამისკდა შუბლის კანი“.
მერაბ ყოლბაიას განმარტებით, 15 თებერვალს, ღამის საათებშივე წაიყვანეს თბილისის მიმართულებით. თბილისში მიიყვანეს მისთვის გაურკვეველ შენობაში, რა დროსაც მას თავზე ჩამოცმული ჰქონდა შავი ტომარა.
„შემიყვანეს ოთახში, სადაც იდგა ორი მაგიდა და ერთი დივანი. ამის შემდეგ იატაკზე გაშალეს პოლიეთილენის პარკი და ზედ დამაწვინეს. ჩემთან მოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელმაც მომიტანა ფურცელი და საწერი ავტოკალამი. მითხრა, პასუხები გამეცა მის შეკითხვებზე. ამ დროს ოთახში იმყოფებოდა კიდევ სამი პიროვნება. მე მათ განვუცხადე, რომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდი. აღნიშნულის შემდეგ ოთახში შემოვიდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელსაც ხელში ეჭირა „ბეისბოლის“ ჯოხი, სახეზე კი ეკეთა რუხი ფერის ნიღაბი. აღნიშნულმა პირმა დამიწყო ჯოხით უმოწყალოდ ცემა, თავზე ჩამომაფარეს პოლიეთილენის პარკი, ასევე მაერთებდნენ დენზე. ყოველივე აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით საათ-ნახევარი, რის შემდეგაც, ჩამაცვეს სამხედრო ფორმა და წამიყვანეს გორის ჰოსპიტალში“.
გორის ჰოსპიტალში მიყვანისას, მსჯავრდადებულის განმარტებით, იგი რეგისტრაციაში გაატარეს სხვისი სახელითა და გვარით, მედპერსონალს კი უთხრეს, თითქოს ის სენაკის ნაწილში მსახურობდა, სადაც ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურესთან შელაპარაკების დროს დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. გორის ჰოსპიტალში გააჩერეს დაახლოებით საათ-ნახევარი, რა დროსაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც წამოიყვანეს თბილისში. მანქანაში მსხდომი პირები მას ურჩევდნენ, რომ დაკითხვის დროს მას აჩვენებდნენ ფოტოსურათებს და უნდა ამოეცნო პირები, რომლებთანაც თითქოს მას დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდა, რაზეც მან უარი უთხრა.
„ამის შემდეგ წამიყვანეს ჩემთვის გაურკვეველ ადგილზე. ირგვლივ იყო ბევრი აყოფაცხოვრებო ნარჩენი, რაც ნაგავსაყრელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ დროს მივიდა შავი ფერის ჯიპი, მე თავზე ჩამომაცვეს შავი ტომარა. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი პირი და მეგრულად მითხრა, მეღიარებინა დანაშაული და ხელი დამედო გარკვეული პირებისთვის, სანაცვლოდ კი ყველაფერში დამეხმარებოდა. მითხრა, რომ იგი იყო მინისტრი და შეეძლო, ბევრი რამ გაეკეთებინა. მე ვუთხარი, რომ უდანაშაულო ვარ და ვერც ვერავის დავადებდი ხელს, ვინაიდან არანაირი ინფორმაცია რაიმე დანაშაულზე არ გამაჩნდა. ამის შემდეგ დამიწყეს სასტიკად ცემა ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით, რაც გაგრძელდა დაახლოებით ორი საათი და თან მეუბნებოდნენ, რომ აქ იქნებოდა ჩემი სასაკლაო. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.
მერაბ ყოლბაია, ასევე, დეტალურად აღწერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი წამების ეპიზოდს და ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტულ პირებსაც ასახელებს. ეს სწორედ ის ჩინოსნები არიან, რომლებსაც ამჟამად საქალაქო სასამართლოში ასამართლებენ. მერაბ ყოლბაიას განმარტებით, #8 დაწესებულებაში მას დროდადრო სცემდნენ და აწამებდნენ ალეკო მუხაძე, ვიქტორ ყაჭეიშვილი, გაგა მკურნალიძე, მეგის ქარდავა და სხვა პირები, რომლებიც არ იყვნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, თუმცა მასთან მიდიოდნენ, რათა სასურველი ჩვენება მოეპოვებინათ.
„სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს, ერთ დღეს კამერიდან გამიყვანა ოფიცერმა „კობამ“, რომელმაც მიმიყვანა სამორიგეოსთან, სამორიგეოდან კი წამიყვანეს ალეკო ჯანჯღავას კაბინეტში, სადაც იმყოფებოდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, ასევე, პატიმრები, კობა მატკავა და ელდარ ქობალია. მეგის ქარდავამ მკითხა, ვიცნობდა თუ არა კობა მატკავას და ელდარ ქობალიას, რაზეც ვუპასუხე, რომ კობა მატკავას ვიცნობდი, ხოლო ელდარ ქობალიას – არა. მეგის ქარდავამ მომთხოვა, რომ მეთქვა, თითქოს ორივეს ვიცნობდი. აღნიშნულზე უარი განვაცხადა, რის გამოც კობა მატკავას და ელდარ ქობალიასთან ერთად დამაგდეს იატაკზე და დამიწყეს ცემა, ასევე, დენით წამება. როდესაც იატაკზე იწვნენ, ელდარ ქობალიამ მირჩია, მეღიარებინა, რასაც მთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა სიკვდილი. ელდარ ქობალიამ მითხრა, რომ იგი გააუპატიურეს ხელკეტით და თუ არ უნდოდა, რომ მასაც იგივე მოსვლოდა, ყველაფერი ეღიარებინა“.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პირებს რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით.
„პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გახდა დასატენი“, – ამბობენ მთავარ პროკურატურაში.
21 წლის ელდარ ქობალია 2011 წლის 11 აპრილს გვიან ღამით გარდაიცვალა, თუმცა საბერიოში მცხოვრებ მის ოჯახს, კერძოდ ბებია-ბაბუას (ქობალია ობოლი გახლდათ), ცხედარი მხოლოდ 26 აპრილს, დუმილის შენარჩუნების სანაცვლოდ გადასცეს. ასეთია ამ საქმის გამოძიების ოფიციალური ვერსია.
თავის დროზე „კოჭოიას საქმის“ ფიგურანტების პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებას აქტიურად ცდილობდა ნანა კაკაბაძე, თუმცა ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ მათზე უარყოფითი რეკომენდაცია გასცა. ჩაითვალა, რომ სასტიკი წამება, მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს არ გამორიცხავს. დღეს უკვე წამების ბრალდებით კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ასამართლებენ, თუმცა ამ საქმეს აქვს მეორე მხარეც – მერაბ ყოლბაიას, იგივე კოჭოიას, მიმართ გამოძიების მასალებში სხვა არაერთი მტკიცებულებაც ინახება, რაც შესაძლოა, ეჭქვეშ აყენებდეს მისი უდანაშაულობის ვერსიას.
წყარო: „პრაიმტაიმი“