მაშინ, როდესაც რადიკალები ერთი მხრივ საუბრობენ ვითომ ევროპულობაზე, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებენ, რაც ვერანაირად ჯდება ევროპულ ღირებულებებში, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ევროპის დღეს, ტელეკომპანია „იმედზე“ ოპოზიციის თავდასხმას.
„ერთი მხრივ ისინი საუბრობენ მედიათავისუფლებაზე და მეორე მხრივ, მათთვის ჩვეულებრივი ამბავია ჟურნალისტზე თავდასხმა და საქმიანობაში ხელის შეშლა. ეს მათ სახეს წარმოაჩენს, მაგრამ კიდევ უფრო კითხვებს აჩენს ის, როდესაც ამაზე არანაირი რეაგირება არ აქვთ ევროკავშირის სახელმწიფოების საელჩოებში წარმომადგენლებს. ასეთი დუმილი შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ შეიძლება ემხრობიან კიდეც ასეთ მოქმედებებს და ეს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაევროპულია“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა კრემლის ბენეფიციარმა ელენე ხოშტარიამ. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა, მუშაობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. ხოშტარიამ ჟურნალისტს რუსი უწოდა, „ქრონიკის“ კორესპოდენტმა კი მას შეახსენა, რომ რუსეთიდან თავად ფინანსდება.