“უკრაინის ომის გამო ქვეყნის საზღვაო პორტები ბლოკირებულია, რა შეუძლებელს ხდის ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გატანას. ამან კი უკვე შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხე. რუსეთი კი, რომელიც ამ დრომდე უარს ამბობს პორტების გახსნაზე, ამ თემით დასავლეთს აშანტაჟებს. ამის გამო დასავლეთში პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები განიხილება. მაგალითად, შავ ზღვაში უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ევროპული და ამერიკული სამხედრო გემების შევსლა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შავ ზღვაში მასშტაბური შეტაკების რისკსა და უკრაინის ომის გლობალური ომში გადაზრდის საფრთხეს ქმნის. ევროკავშირში აქტიურად განიხილება უკრაინიდან მარცვლეულის გამოსატანად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობა. ესპანური მედიის ცნობით, სავარაუდოდ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა ორშაბათს, 30 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გლობალური ომის საფრთხე შავ ზღვაში – პუტინი უკრაინული ხორბალის გატარების სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს.
“არსებული გეგმით, უკრაინული სატვირთო გემები შავ ზღვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების გემების თანხლებით დატოვებენ. ამ გეგმის მთავარი სირთულე უკავშირდება იმას, რომ ევროპულმა გემებმა ოდესის პორტში შესვლის ნებართვა მიიღონ. ეს საკითხი მონტრეს კონვენციით რეგულირდება, რომლის შესრულებასაც თურქეთი აკონტროლებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ანკარა შესაბამის ნებართვას გასცემს, ვინაიდან საუბარია ჰუმანიტარულ ოპერაციაზე. მეორე მხრივ, ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება რუსეთის პოზიცია. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინული გემების შავ ზღვაში გატარების სანაცვლოდ, რომელიც ხორბლით და სიმინდით იქნება დატვირთული, დასავლეთისგან სანქციების მოხსნას ითხოვს. ანალიტიკოსების თქმით, შექმნილი ვითარების დაძლევის მხოლოდ სამი გზა არსებობს: დასავლეთმა ან უნდა დაიყოლიოს პუტინი, ან თავად დაჰყვეს მის პირობებს, ანდა მარცვლეულის ბლოკირების პრობლემა სამხედრო ძალით უნდა გადაწყდეს. შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში კი ისინი ვითარების გაუარესებას მთელ რეგიონში მოელიან და პროცესში არც ნატო-ს ქვეყნების ჩართვას გამორიცხავენ. ეს კი უკრაინის ომის გლობალურ ომში გადაზრდის პირველი ნიშანი იქნება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დასავლეთისგან უკვე მიიღო თანამედროვე გემსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები, თუმცა, საკმარისი იქნება თუ არა ეს ოდესის პორტის დებლოკირებისა და უკრაინული სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ძნელი სათქმელია. პუტინმა თავისი პირობები დასავლეთს ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების სახით წაუყენა, შემდეგ კი 26 მაისს, ეს პირობები იტალიის პრეზიდენტ მარიო დრაგის ტელეფონით პირადად პუტინმა აუხსნა – “რუსეთის ფედერაცია მზად არის შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი სასურსათო კრიზისის დაძლევაში, მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გზით, იმ პირობით, რომ დასავლეთი მოხსნის პოლიტიკურად მოტივირებულ შეზღუდვებს”, -განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა. ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს დაუკავშირდებოდა, იტალიის ხელისუფლებამ ომის დასრულების საკუთარი გეგმა გაეროში წარადგინა და ის ითვალისწინებს უკრაინისთვის მიუღებელი ზავის დადებას, უკრაინის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებასა და “ორმხრივ შეთანხმებას კიევსა და მოსკოვს შორის ყირიმის და დონბასის შესახებ”, – განაგრძობს გამოცემა.
“კიევი მკაცრად აკრიტიკებს ზავისკენ მოწოდებებს, რამაც, მათი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ერთგვარი კამპანიური ხასიათი მიიღო – ცნობილი ექსპერტების, პოლიტიკოსებისა თუ წამყვანი მედიასაშუალებების მონაწილეობით. მაგალითად, დავოსში ახლახან დასრულებულ ფორმუმზე რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა და ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას ამ კრიზისის მოგვარებისთვის გარკვეულ დათმობაზე წასვლა ურჩიეს. უკრაინის მხრიდან კი ამ რჩევას მწვავე პასუხი მოჰყვა. “კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს “დავოსის პანიკიორების” მოსასმენად დრო არ აქვთ, ისინი ცოტათი დაკავებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით”, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის განცხადებას, რომელმაც უკრაინელებს გარკვეულ დათმობაზე წასვლა ურჩია. კიდევ უფრო მკაცრი იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი: “ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბატონ კისინჯერის კალენდარზე 2022 წელი კი არა, არამედ 1938 წელია და ის ფიქრობს, რომ აუდიტორიას არა დავოსში, არამედ მიუნხენში ელაპარაკება”, – დასძენს გამოცემა.
“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სიტუაცია საკმაოდ რთული და დრამატულია. რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ ზღვა ჩაკეტოს და ევროპულ-ამერიკულ სამხედრო ხომალდებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს. მაისაია ამბობს, რომ ახლა ყველაფერი თურქეთზეა დამოკიდებული – მიიღებს თუ არა ერდოღანი გადაწყვეტილებას და შავ ზღვაში შეუშვებს თუ არა ბრიტანულ ხომალდებს, რომლებიც უკრაინულ სავაჭრო გემებს გააცილებს. “ბრიტანულ ხომალდებს საერთაშორისო კონვენციის მიხედვით უფლება აქვთ შავი ზღვის აკვატორიუმში შევიდნენ და იქ 40 დღის განმავლობაში გაჩერდნენ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანმა მათ ამის უფლება რაიმე სარგებლის გარეშე მისცეს. თურქეთი უკვე შანტაჟზეა გადასული. ერდოღანი აშანტაჟებს, როგორც ნატოელ სტრატეგიულ მოკავშირეებს, ასევე რუსებს. ის ამ სიტუაციიდან ყველა მხრიდან ხეირის ნახვას ცდილობს და ორი კურდღლის დაჭერა უნდა”, – ამბობს მაისაია, რომლის თქმით “ეს ერდოღანის ჩვეულებრივი ტაქტიკაა, ამიტომ მას თავისი პირობები ექნება. შესაძლოა მან მოითხოვოს, რომ ეს ხორბალი თურქეთში შევიდეს და ბევრ რაღაცაზე ივაჭრებს”, – წერს სტატიის ავტორი.
“მეორე მხრივ კი შავი ზღვის აკვატორია დანაღმულია. ჯერ უკრაინელებმა დანაღმეს და შემდეგ რუსებმა. ამიტომ გემების აქ გავლა ცალკე პრობლემას წარმოადგენს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვიდან გასვლის უფლებაც რომ მიეცეს მიეცეს უკრაინულ გემებს, ესეც საკმაოდ დიდი რისკის მატარებელია. მესამე – თუკი ბრიტანულმა გემებმა მოძრაობა დაიწყეს და უკრაინული სავაჭრო გემების გაცილება მოისურვეს, მაშინ რუსები მათ ცეცხლს გაუხსნიან. ბრიტანეთსა და რუსეთს შორის უკევე ჰიბრიდული ომია დაწყებული… ასევე რუსებს შეუძლიათ საარტილერიო და ზალპური ცეცხლის გამოყენებით ხორბლის მარაგების განადგურება. მეორეს მხრივ კი შეუძლიათ ეს ტერიტორიები კიდევ უფრო მჭიდროდ დანაღმონ. მერე ამ განაღმვით სამუშაოებს სერიოზული სამხედრო ჯგუფის შექმნა დასჭირდება. მხოლოდ ბრიტანული გემები აქ საკმარისი არ იქნება. აქ უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ჩართულობა გახდება საჭირო. ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ამაზე რამდენად წავა, რთული სათქმელია. ფაქტიურად დასავლეთი და რუსეთი ფართომასშტაბიან ომამდე ერთ ნაბიჯში და ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა ნაბიჯს გადადგამს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამბობს, რომ რუსეთი შავ ზღვაში უკრაინული სავაჭრო გემების გატარების სანაცვლოდ დასავლეთს სანქციების მოხსნას სთხოვს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ამის პარალელურად ცალკე პრობლემა თურქეთია, რადგან თუკი რუსეთი გემების გატარებაზე დათანხმდება, მაშინ თანხმობა თურქეთმაც უნდა განაცხადოს. ერდოღანი კი ასე ადვილად არაფერს დათმობს. ამიტომ სიტუაცია საკმაოდ რთულია და უკრაინამ ხორბლის გატანა მატარებელებით უკვე დაიწყო, ეს კი ზღვაში წვეთია. “ბრიტანეთი და აშშ ცდილობენ რუსეთთან შეთანხმებით უკრაინული გემების გატარება და გაცილება მოხდეს. თუმცა რუსეთი სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, არ მგონია, რომ რომელიმე მხარემ საბრძოლო დაპირისპირებაში შესვლა გადაწყვიტოს. თუკი რუსეთსა და დასავლეთს შორის ამის გამო შავ ზღვაში დაპირისპირება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს უკვე ომში დასავლეთის ჩართვას ნიშნავს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ”, – მიიჩნევს ბენდიანიშვილი, რომლის აზრით, “ისევ ცდილობენ, რომ რაღაცა დიალოგის და მოლაპარაკების შედეგად ეს პრობლემა გადაწყდეს”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“სამწუხაროდ, უკრაინის სამხრეთში რუსეთმა ტაქტიკური თვალსაზრისით გარკვეული უპირატესობა მოიპოვა. ამის პარალელურად კი უკრაინამ ხორბლის გადატვირთვა ბალტიის ქვეყნების გავლით რკინიგზით დაიწყო. ორი ეშელონი უკვე წავიდა. ამიტომ არ მგონია შავ ზღვაში გატარების პრობლემა გადაიჭრას. ეს საკითხი გაიყინება და ყველა მხარე შეეცდება, რომ სამხედრო კონფრონტაციაში არ ჩაერთოს. სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი, თუკი რაიმე სახის შეთანხმებამდე არ მივიდნენ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ევროკავშირს სასურსათო კრიზისის შედეგად აფრიკიდან დევნილების ახალი ტალღით ემუქრება. ევროპას კი ამის ძალიან ეშინია. ფაქტია, რომ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად ამ ეტაპზე არსებული სამხედრო წარმატებებისა, ამ ომს ბოლომდე ვერ გაჰყვება. მას უკვე ყველა რესურსი ეწურება. უკრაინას კი ლენდ-ლიზის კანონის ამოქმედებისთანავე უფრო დიდი რესურსი გაუჩნდება. რუსეთმა ეს იცის და ბოლომდე ვაჭრობს”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურავ ბენდიანიშვილი.
“იტალიელების პირთაც კი გაჟღერდა, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე რუსეთმა ფრონტის ხაზი გაავლოს და სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიდეს. ევროკავშირში საკმაოდ სერიოზული რყევებია დაწყებული, ეს დავოსში გამოჩნდა, ამიტომ რუსეთი შავ ზღვაში უკრაინული ხომალდების გატარების სანაცვლოდ დათმობას ბოლომდე მოითხოვს… რაც შეეეხება თურქეთის როლს ამ სიტუაციაში, შექმნილი პრობლემიდან ერდოღანი ყველაზე დიდი სარგებლის ნახვას ცდილობს. მის ინტერესებშია რუსეთი მაქსიმალურად დასუსტდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მასთან თანამშრომლობაც შეინარჩუნოს. თან თავისი გავლენები გააძლიეროს. თურქეთი ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც რუსი ტურისტები წელს დაისვენებენ. ამიტომ ერდოღანის მიზნებიც დიდია და ისიც შავ ზღვას ასე მარტივად არ დათმობს”, – დასძენს კონფლიქტოლოგი.