მაღალმთიანი აჭარის ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 50%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რაც დიდთოვლობის დროს შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია ხულოს მუნიციპალიტეტის შიდა გზები დანისპარაულისა და ხიხაძირის ხეობის მიმართულებით.
თოვლის საფარი ზოგიერთ ადგილებში 80 სანტიმეტრამდე აღწევს:
„ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო საშუალებებით. შიდა გზები დანისპარაულისა და ხიხაძირის მიმართულებით უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია, დილიდან იწყება გაწმენდა, თუმცა ნალექი მალევე კეტავს გზას. დიდთოვლობის გამო მოსახლეობის 50%-ს ელექტროენერგია ვერ მიეწოდება. თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს. გუშინ სოფელ ბოძაურსა და რიყეთს შორის ზვავიც ჩამოწვა, გუშინვე გაიწმინდა გზა და ამ მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.
მისივე თქმით, სასიცოცხლო ობიექტებს, საავადმყოფოებს ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული გზები აქვს და მათ დენის პრობლემა არ ექმნებათ.