„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დაზარალებულად ცნეს და საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.
გივი თარგამაძეს კითხვები აქვს “დამნაშავედ იდენტიფიცირებულ პირთან” დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მოახდინეს დამნაშავის იდენტიფიცირება.
“ორი თვის თავზე შემთხვევიდან, როგორც იქნა, მცნეს დაზარალებულად. ამის შემდეგ ჯიუტად ამბობდნენ უარს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე ანუ საქმის მასალების ჩვენთვის გაცნობაზე. დღეს დილით შეცვალეს პოზიცია და გადაწყვიტეს, რომ საქმის მასალები გაგვაცნონ. შესაბამისად, მაქვს იმედი, რომ დღეს მივიღებ პასუხებს კითხვებზე, რომელიც მაქვს, ვინაიდან ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მე მაქვს მხოლოდ კითხვები და არც ერთი პასუხი. ვნახოთ, რას მოიტანს საქმის მასალების გაცნობა. კითხვები ძალიან ბევრია, მათ შორის ის, თუ რაზე დაყრდნობით მოახდინეს დამნაშავის იდენტიფიცირება, ამის საბუთები არ წარმოუდგენიათ”, – განაცხადა გივი თარგამაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.