დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეები დააჯილდოვა.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში 13 პედაგოგი და სააგენტოს 16 ბენეფიციარი მონაწილეობდა. ბენეფიციარებს სერტიფიკატები, ხოლო მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ გადასცეს.
პროექტის ფარგლებში, მოხალისე პედაგოგებმა პირობით მსჯავრდადებულები, განრიდებული პირები, რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში მოამზადეს.
ღონისძიებას პროექტის განხორციელებაში ჩართული სააგენტოს სპეციალისტები, მსჯავრდადებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და ამავე დეპარტამენტის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინატორი ხატია თადიაშვილი ესწრებოდნენ.
სააგენტოს განმარტებით, პროექტი „მოხალისე პედაგოგი“, ერთი მხრივ, სააგენტოს ბენეფიციარების განათლების ხელშეწყობას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას ემსახურება.