„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის, მადონა მინდაძის განცხადებით, კიკეთში დაჭრილი და მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ორი ქალიდან ერთი უკვე გაწერეს.
„კიკეთიდან ორი პაციენტი შემოიყვანეს, ორივე – ქალბატონი, ერთის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მას კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, გადაყვანილი იყო საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად განაგრძობს მკურნალობას განყოფილებაში. მეორე ქალბატონის მდგომარეობა მიმღებ განყოფილებაში დასტაბილურდა, შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებისა და კონსულტაციების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო და ის ბინაზეა გაწერილი“, – აცხადებს მადონა მიდაძე.
შსს-მ კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.