„საქართველოს ბანკი“ ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი – თავისუფალი. მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა საქართველოს ბანკზე დილის 11 საათზე განხორციელდა. მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, „სპრინტერის“ ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდებოდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.