საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო, რაც საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.
”ევროპარლამენტმა მიიღო ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროატლიკური ინტეგრაციის პროცესში. ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი. პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო გასცემს უფლებამოსილებას ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა და ჩვენ ამ შეთანხმებას ორმხრივი ხელმოწერით განვამტკიცებთ. ევროპოლთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა. 2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა ადგილზე შეაფასეს საქართველოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი და იმავე წლის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიიღეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ შსს სრულად აკმაყოფილებდა ევროპოლის სტანდარტებს პერსონალური მონაცემების დაცვის კკუთხით. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ვითანამშრომლოთ ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ასევე მივიღოთ ევროპოლისგან ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფორმაცია”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარგზავნის ევროპოლის შტაბბინაში მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და ეფექტური კავშირების დამყარებას უზრუნველყოფს.
”მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს აქვს გაფორმებული ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია. ევროპოლის ოპერატიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცველ სტრუქტურებთან, ეს ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ერთობლივ ბრძოლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში”, – აღნიშნა მინისტრმა.