პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქე მოკლეს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
პრემიერმა მომხდარს ამაზრზენი შემთხვევა უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ფაქტზე პასუხი ექნება.
„ვაპირებ, რომ ჩავიდე და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის შეიარაღებული პირების მხრიდან. სახელმწიფოს ამ ინციდენტზე ექნება პასუხი. ჩვენ ველოდებით, ჯერჯერობით რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურჩასთან ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს.
გიორგი კვირიკაშვილი – არავის უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი
2016/05/23 16:23:01
ნანახია: 1871 ჯერ