ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.
“მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი რჩევა, ჩემი ანალიზი და გაფრთხილება – ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება. ვინაიდან მე მჯერა, რომ დღეს ამ დარბაზშიც, პარლამენტშიც და მთლიანად საქართველოშიც გაცილებით მეტი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე ზონდერები და კონტრზონდერები. მე ზონდერებსა და კონტრზონდერებს შორის განსხვავებას ვერ და არ გავაკეთებ. ყველა, ვინც ძალადობრივი გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, ემსახურება იმას, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ საჭიროა აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.